100-მა უმსხვილესმა ბიზნესმა, რომელიც საქართველოში ოპერირებს, 2017 წელს ჯამში 17,5 მილიარდი ლარის ოდენობით შემოსავალი მიიღო; ამ მაჩვენებელში ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ აღნიშნულ შემოსავალში ფინანსური სექტორის წილი არ შედის, - ეს Forbes Georgia-ს მიერ გამოქვეყნებული ოფიციალური მონაცემებია, რომელიც გამოცემამ საერთაშორისო აუდიტორულმა კომპანია Grant Thornton-თან ერთად მოამზადა და რამდენიმე დღის წინ გამოაქვეყნა.
ჩამონათვალში მოხვდნენ ენერგეტიკის, ვაჭრობის, კავშირგაბმულობის, ტურიზმის, სამთო მოპოვების, მრეწველობის, აზარტული თამაშების, ტრანსპორტის, სამშენებლო სექტორში თუკვების ინდუსტრიაში მოქმედი კომპანიები.
საერთაშორისო ავტორიტეტული გამოცემის მიერ შედგენილ სიაში მტკიცე პოზიციას იკავებს სს „ნიკორა“. 100 უმსხვილეს კომპანიას შორის აქტივებით, შემოსავლებით, მოგება/ ზარალით მე-18 ადგილზეა, მაგრამ თავის სფეროში - პირველი.
Forbes Georgia-ს მონაცემების თანახმად, 2017 წელს, „ნიკორას“ აქტივებმა 193, 795, 000 შეადგინა, შემოსავალმა 336, 266, 000 ლარი, ხოლო მოგება/ზარალის ჯამური ოდენობა 9, 632 000 ლარია. კომპანია, რომელიც ქართულ ბაზარზე 1998 წლიდან ოპერირებს ქართული ბიზნესის ერთ-ერთი წარმატებული მაგალითია.
მის მიმართ მომხმარებელი დაარსების დღიდან ნდობით განეწყო, შედეგად, წლიდან წლამდე გაიზარდა და ლიდერის პოზიცია დაიკავა, რომელსაც დღესაც წარმატებით ინარჩუნებს. ორი ათეული წლის წინ მცირე წარმოებით დაწყებული ბიზნესი ამჟამად, სხვადასხვა მიმართულების საწარმოს, მასშტაბურ სადისტრიბუციო ქსელს, რამდენიმე ბრენდის ქვეშ მოქმედ ყველაზე მრავალრიცხოვან სავაჭრო ობიექტებსა და იმპორტიორ კომპანიებს აერთიანებს.
იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოში უმუშევრობის პრობლემა წლიდან წლამდე მტკივნეულ საკითხად რჩება („საქსტატის“ მონაცემებით, 2018 წელს ქვეყანაში უმუშევრობის დონემ 12,7% შეადგინა), „ნიკორა“ მუდმივად, კადრების მოძიებას ცდილობს და ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებლის სტატუსითაც ლიდერის პოზიციას იკავებს. ამჟამად, ჰოლდინგში დასაქმებულთა რაოდენობა 6 000-სს აჭარბებს.
შეკითხვაზე როგორ მიაღწია სს „ნიკორამ“ ასეთ წარმატებას, კომპანიის გენერალური დირექტორის ირაკლი ბოქლიშვილი პასუხობს, რომ ინოვაცია, წინსვლა, სიახლეების შეთავაზება, ხარისხი და სხვა ფაქტორები მათ სხვებისგან გამოარჩევს.
„ნიკორა“ქართულ ბაზარზე ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და დიდი გამოცდილების მქონე კომპანიაა. წარმატების მზა რეცეპტი არ არსებობს, მაგრამ რაც ჩვენს კომპანიას სხვებისგან გამოარჩევს, რამაც ჩვენი წარმატება განსაზღვრა, არის მუდმივი ინოვაცია, წინსვლა, სიახლეების შეთავაზება, ხარისხი, სამომხმარებლო ბაზრის ინტერესების მაქსიმალური გათვალისწინება და რა თქმა უნდა პროფესიონალების გუნდი, რომელიც ოც წელზე მეტია, „ნიკორას“ წინსვლასა და განვითარებას უზრუნველყოფს“, - აღნიშნა ირაკლი ბოქოლიშვილმა.
კომპანიის გენერალური დირექტორის თქმით, „ნიკორას“, როგორც წარმატებულ, პასუხისმგებლიან კომპანიას, მილიონობით თანხა შეაქვს ბიუჯეტში და ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობს.
„იგი ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი დამსაქმებელია. დღეს, სს „ნიკორას“ ქოლგის ქვეშ არსებულ კომპანიებში 6000-ზე მეტი ადამიანი მუშაობს და მათი რიცხვი ყოველდღიურად იზრდება. მეტი დასაქმება კი ქვეყნის ეკონომიკის სიძლიერეა“, - განაცხადა მან.
ირაკლი ბოქოლიშვილის ინფორმაციით, კომპანია თავისი არსებობის მანძილზე უამრავი ჯილდოს მფლობელია.შეკითხვაზე, „ნიკორას“ მენეჯმენტისთვის რამდენად მოულოდნელი იყო Forbes Georgia-ს ყველაზე მაღალბიუჯეტიანი კომპანიების სიაში მოხვედრა, ირაკლი ბოქოლიშვილი პასუხობს, რომ ჰოლდინგი 20 წელზე მეტია წარმატებით ინარჩუნებს კვების ინდუსტრიაში ლიდერის პოზიციას, ამიტომ აღნიშნული ფაქტი მოულოდნელი არ ყოფილა.
„ჩვენი ყოველდღიური საქმიანობა ემსახურება სწორედ იმ ნდობისა და რეპუტაციის განმტკიცებას, რაც წლების განმავლობაში მოგვიპოვებია“, - დასძინა მან.
აღსანიშნავია, რომ ბიზნესის განვითარების მიმართულებით „ნიკორას“ გეგმები არ იცვლება. ეს არის მუდმივი განვითარება, გაფართოება, როგორც ხორცპროდუქტების წარმოების ასევე სუპერმარკეტების მიმართულებით.