სს ნიკორამ, რომელიც წარმოადგენს ნიკორა ჯგუფის ჰოლდინგურ კომპანიას, 28 მილიონის ლარის ოდენობის ობლიგაციები განათავსა, რომელთა ლისტინგი საქართველოს საფონდო ბირჟაზე მოხდება. საჯარო ემისია თიბისი კაპიტალის მეშვეობით განხორციელდა. ნიკორა ჯგუფთან თიბისი კაპიტალი 2017 წლიდან თანამშრომლობს და ეს ობლიგაციების უკვე მესამე ერთობლივი განთავსებაა.
სს ნიკორას ობლიგაციები ეროვნულ ვალუტაში განთავსდა, რაც კომპანიას საშუალებას მისცემს თავი აარიდოს მნიშვნელოვან სავალუტო რისკებს. ეს არის პირველი ობლიგაცია ქართულ ბაზარზე, რომელიც მიბმული იქნება თბილისის ბანკთაშორის საპროცენტო განაკვეთზე (TIBR). ამ ტრანზქციით მხარეები ხელს უწყობენ TIBR-ის პოპულარიზაციას და მის დამკვიდრებას ადგილობრივ კაპიტალის ბაზარზე.
კომპანიას საკრედიტო რეიტინგი მიღებული აქვს Scope Rating-ისგან და BB-/Stable დონით განისაზღვრა.
კომპანიის ობლიგაციების მიმართ, ფინანსური ინსტიტუტების მხრიდან მაღალი ინტერესი დაფიქსირდა და განთავსება უმოკლეს ვადაში დასრულდა. აღსანიშნავია, რომ როგორც ლარის სხვა საჯარო ობლიგაციები, სს ნიკორას ეს ობლიგაციებიც დაგირავებადია სებ-ში, რაც ინვესტორ კომერციულ ბანკებს შესაძლებლობას აძლევს მოიზიდონ დამატებითი ლარის რესურსი.