ხორცპროდუქტების მწარმოებელი უმსხვილესი ქართული კომპანია “ნიკორა“ საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის კვების ტექნოლოგიების სტუდენტებისთვის სტიპენდიის გაცემას აგრძელებს. მესამე წელია, წარმატებული სტუდენტები ყოველთვიურ სტიპენდიას იღებენ. სტიპენდიატების გამოვლენა სემესტრულად ხდება გასული სემესტრის აკადემიური მოსწრების მიხედვით.
მიმდინარე სემესტრშიც კვების პროდუქტების ტექნოლოგების ფაკულტეტის ორი მესამეკურსელი და ორი მეოთხეკურსელი “ნიკორას“ სტიპენდიანტები გახდნენ. აღსანიშნავია ისიც, რომ მიმდინარე სემესტრის ოთხივე სტიპენდიანტი გასულ სემესტრშიც იღებდნენ სტიპენდიას. “ნიკორას“ ერთ-ერთი პირველი სტიპენდიანტი მარიამ გოგელიძე კი უკვე საწარმოს თანამშრომელიც გახდა.
დავით ივანიაძე ყოველთვიურ სტიპენდიას უკვე მეორე წელია იღებს. როგორც ის აღნიშნავს, სტიპენდია მისთვის მოტივატორი აღმოჩნდა, რომ სწავლა მაღალ დონეზე გაეგრძელებინა.
„სტიპენდიამ, პირველ რიგში, დიდი მოტივაცია მომცა, რომ კარგად მესწავლა. სტუდენტებს შორის კონკურენციაც გაიზარდა. ძალიან კარგია, რომ სტიპენდია ყოველსემესტრულია და ეს მოდუნების საშუალებას არ გვაძლევს. გარდა იმისა, რომ ეს ფინანსური ჯილდოა, ძალიან პოზიტიური გრძნობაა, სტიპენდიანტის სახელი რომ გაქვს. ჩვენთვის, სტუდენტებისთვის მეტად მნიშვნელოვანია კერძო სექტორის მხრიდან ასეთი დაფასება და მიხარია, რომ “ნიკორა“ სამომავლოდ ჩვენთან თანამშრომლობისთვისაც ღიაა,“ - განმარტავს დავით ივანიაძე.
დავითის კურსელია გიორგი კუკავა, რომელიც ასევე მეორე წელია, სტიპენდიას იღებს.
“კვების ტექნოლოგიები განსაკუთრებით სასიამოვნო და საინტერესო საქმიანობაა. ამ პროცესში დიდი როლი ლაბორატორიებსა და პრაქტიკულ საქმიანობას უკავია. სამომავლოდ მინდა, ხორცის ან პურის მიმართულებით გავაგრძელო მუშაობა. ამ ეტაპზე კი მოტივაციის ამაღლებაში ძალიან მეხმარება სტიპენდია. უდიდესი სტიმულია, რომ სწავლა გიფასდება და სამომავლოდაც ასე გაგრძელების მეტი მოტივაცია მაქვს,“ - აღნიშნავს გიორგი კუკავა.
მესამეკურსელი გიორგი რთველიაშვილისა და ნიკა გომელაურისთვის ასევე ძალიან მნიშვნელოვანი აღმოჩნდა სტიპენდია, რომელიც პირველად გასულ სემესტრში მიიღეს და ეს დიდი მოტივატორი გახდა, რომ სწავლა მაღალ დონეზე გაეგრძელებინათ.
“კონკურენცია საკმაოდ მძაფრი იყო. როდესაც გავიგე, რომ მე გავხდი სტიპენდიანტი, ძალიან გამიხარდა. ეს მომავალშიც დიდი მოტივაცია იქნება ჩემთვის, რომ უკეთესად ვისწავლო და უკეთესად ვაკეთო ჩემი საქმე. სტუდენტებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია იმის გაცნობიერება, რომ ჩვენი სწავლა ფასდება არა მხოლოდ უნივერსიტეტის, არამედ კერძო სექტორის მხრიდანაც. მიხარია, რომ ასეთი პასუხისმგებლიანი კომპანიები არსებობენ ბაზარზე. ისინი ზრუნავენ ახალგაზრდა თაობაზე და ამით ზრუნავენ იმაზეც, რომ მომავალში მაღალკვალიფიციური თანამშრომლები ეყოლებათ. კულინარიულ სკოლაშიც ვფიქრობ სწავლას და შეიძლება სტიპენდია ამაშიც გამოვიყენო,“ – აღნიშნავს გიორგი რთველიაშვილი.
“სამწუხაროდ, დღეს კვების ტექნოლოგიის კურსდამთავრებულებს დიდ ყურადღებას არ აქცევს კერძო სექტორი და ხშირ შემთხვევაში უცხოეთიდან ჩამოყვანილ ტექნოლოგებს ანიჭებენ უპირატესობას. აღნიშნულის გათვალისწინებით ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის, სტუდენტების ის, რასაც “ნიკორა“ აკეთებს. სასიამოვნოა იმის გაცნობიერება, რომ არიან კომპანიები, რომლებიც ზრუნავენ სტუდენტებზე და შესაბამისად, საკუთარ მომავალზე. ჩვენი პოტენციური დამსაქმებლები ხომ სწორედ ეს კომპანიები არიან. სტიპენდია სტუდენტებისთვის მეტი მოტივაციის მომცემია, რომ უკეთესად ისწავლონ და უფრო მაღალკვალიფიცურ კადრებად ჩამოყალიბდნენ,“ – ამბობს ნიკა გომელაური.
“ნიკორა“ წარმატებული სტუდენტების ფინანსურ მოტივირებას მომავალ წელსაც გააგრძელებს.