კომპანია “ნიკორა“ საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის კვების ტექნოლოგიების სტუდენტებისთვის სტიპენდიის გაცემას წელსაც აგრძელებს.
უკვე მეოთხე წელია, საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტები, რომლებიც საუკეთესო შედეგებით გამოირჩევიან კომპანია "ნიკორასგან“ წახალისების სახით სტიპენდიას იღებენ. სტიპენდიანტების გამოვლენა სემესტრულად ხდება.
ოთხივე სტიპენდიატი: ნიკა გომელაური, გიორგი რთველიაშვილი, სოფიკო ხარაზიშვილი და მერი ქირია სურსათის ტექნოლოგიების სტუდენტები არიან.
მეოთხე კურსელები ნიკა გომელაური და გიორი რთველიაშვილი ყოველთვიურ სტიპენდიას უკვე მეორე წელია იღებენ.
"სასიამოვნოა, როდესაც კომპანია კერძო სექტორიდან ხედავს შენს შრომას, გიფასებს და გეუბნება, რომ საჭირო და მნიშვნელოვანია ის საქმე, რომელსაც ემსახურები“, - აღნიშნავს ნიკა გომელაური.
"ჩემთვის ძალიან კარგი შეგრძნებაა, როდესაც სწავლის პერიოდშივე გიფასებენ შრომას, როდესაც კომპანია გეუბნება, რომ უნივერსიტეტში კარგად სწავლა ძალიან მნიშვნელოვანია. შესაბამისად, რა თქმა უნდა, წახალისება და ჯილდო მოტივაციას წარმოადგენს. როდესაც შენზე ამგვარად ზრუნავენ, იმედი გიჩნდება, რომ მომავალში უფრო მეტ წარმატებას მიაღწევ“, - განმარტავს გიორგი რთველიაშვილი.
სოფიკო ხარაზიშვილი და მერი ქირია კი მესამე კურსის სტუდენტები არიან, რომლებიც წელს პირველად გახდნენ სტიპენდიანტები.
"სტიპენდიის შესახებ უნივერსიტეტში შევიტყე, როცა მაღალი GPA მქონდა, თუმცა მაინც ნაკლებად ველოდი მის მიღებას... მოულოდნელი იყო მიღებული წერილი, რომელშიც სტიპენდიის შესახებ ეწერა და ძალიან გამიხარდა. მივხვდი, რომ შრომა დამიფასდა და ყველაფრის უკეთ კეთების სურვილი გამიჩნდა. თან ეს ორმაგად სასიამოვნოა, როცა ინტერესი და წახალისება შენივე სფეროდან მოდის, სადაც მომავალში გინდა, რომ საქმიანობა გააგრძელო. ამ შემთხვევაში "ნიკორას“ და ჩემი გზები უკვე გადაიკვეთა და, იმედია, ჩვენი ურთიერთობა მომავალში სამსახურებრივი კუთხითაც გაგრძელდება“, - აღნიშნავს სოფიკო ხარაზიშვილი.
"მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში კულინარია ძალიან პოპულარულია, კვების ტექნოლოგიის სფეროში ბევრი კვალიფიციური კადრი არ გვყავს და ამიტომ უცხოელი სპეციალისტების ჩამოყვანა გვიწევს. რეალურად, შეგვიძლია კვების ტექნოლოგია ჩვენს ქვეყანაშიც განვავითაროთ და ამიტომაც გადავწყვიტე ამ მიმართულებაზე სწავლა. ჩემთვის მოტივაციაა, როცა გამჩნევენ და გაფასებენ, უფრო პასუხისმგებლობით ეკიდები საქმეს და, რა თქმა უნდა, აკადემიური პასუხისმგებლობაც იმატებს“, - ამბობს მერი ქირია.