CSR
ნიკორა აგრარული უნივერსიტეტის კვების ტექნოლოგიების სტუდენტებისთვის სტიპენდიის გაცემას აგრძელებს

ნიკორა აგრარული უნივერსიტეტის კვების ტექნოლოგიების სტუდენტებისთვის სტიპენდიის გაცემას აგრძელებს

განათლების მხარდაჭერა

კომპანია  "ნიკორა" საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის კვების ტექნოლოგიების სტუდენტებისთვის სტიპენდიის გაცემას წელსაც აგრძელებს.

მომავლის პროფესიებზე საუბრის დროს ძირითადად თანამედროვე ტექნოლოგიებთან დაკავშირებული მიმართულებები გვახსენდება. თუმცა მომავლის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება არის კვების ტექნოლოგიები, რომელიც ძალიან ფართო სფეროა და თავის თავში აერთიანებს სხვადასხვა ქვედარგს, მათ შორის: კვების ტექნოლოგიას, სურსათის უვნებლობას, ნუტრიციოლოგიას და კულინარიასაც კი. თუ გსურს იყო კარგი კულინარი და შეფი, აუცილებელია, კარგად იცნობდე კვების ტექნოლოგიებს თავისი მეცნიერული ნაწილით.

სურსათის უვნებლობა წლიდან წლამდე სულ უფრო აქტუალური ხდება. ბაზარი მრავალფეროვანი პროდუქტითაა გაჯერებული, რომელთა ხარისხისა და უსაფრთხოების კონტროლი ძალიან მნიშვნელოვანია. საკვები, ვიდრე თქვენს თეფშზე აღმოჩნდება, სასურსათო ჯაჭვის გრძელ გზას გადის. სხვადასხვა საფეხურზე კი მისი დარღვევა და არასასურველი შედეგის მიღება შეიძლება მოხდეს. სწორედ ამ პრობლემის აქტუალობიდან გამომდინარე  სურსათის უვნებლობის პროფესია და მაღალკვალიფიციური კადრები სულ უფრო მოთხოვნადი ხდება.

საქართველოში კვების ტექნოლოგიების საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამას სტუდენტებს აგრარული უნივერსიტეტი სთავაზობს. სტუდენტები კვების ტექნოლოგიების თითოეულ ქვედარგს შეისწავლიან და საშუალება აქვთ სწავლის დასრულების შემდეგ თავად განსაზღვრონ, რა მიმართულებით გააგრძელონ საქმიანობა. მათი მოტივაციის ამაღლებაზე ზრუნავს კერძო ბიზნესიც. ამ კონკრეტულ შემთხვევაში „ნიკორა“, რომელიც უკვე 24 წელია, საკვებ პროდუქტებს აწარმოებს და ამავდროულად, სტუდენტებს უჭერს მხარს. კომპანიამ რამდენიმე წლის წინ "ნიკორას“ სახელობის სემესტრული სტიპენდია დააწესა კვების ტექნოლოგიების 4 ყველაზე წარმატებული სტუდენტისთვის, საწარმოში სტუდენტებსაც ასაქმებს და ცდილობს, მაღალკვალიფიციური კვების ტექნოლოგების სპეციალისტების გაზრდას შეუწყოს ხელი.

თავად კვების ტექნოლოგიების სტუდენტებიც აღნიშნავენ, რომ მათ ფაკულტეტზე წლიდან წლამდე იზრდება აბიტურიენტების დაინტერესება. სექტორის განვითარებიდან გამომდინარე კი მათ დასაქმების საინტერესო და პერსპექტიული შესაძლებლობები ეძლევათ.

მარიამ ზეინკალიშვილი, სურსათის ტექნოლოგიების მე-3 კურსის სტუდენტი, "ნიკორას“ სტიპედიატი:

"კვების ტექნოლოგიები ჩემთვის ძალიან საინტერესოა. გადაწყვეტილების მიღების პროცესში ისიც გავითვალისწინე, რომ ამ სფეროს სპეციალისტები ძალიან ცოტა არიან. მიზნად დავისახე, რომ ამ მიმართულებით მესწავლა და წარმატებისთვის მიმეღწია. მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი პროფესიაა. ბევრ ძალიან საინტერესო საგანს ვსწავლობთ, მათ შორის, სხვადასხვა მეცნიერებას, რომელიც სხვაგან არ ისწავლება. საკმაოდ რთული პროფესიაა, თუმცა საინტერესო და მრავალფეროვანია. სტიმულს მაძლევს „ნიკორას“ სტიპენდიაც. როდესაც ხედავ, რომ გიფასდება, რასაც აკეთებ, ცდილობ, მომავალში უკეთესად გააკეთო. რეალურად ჩვენს სფეროს ყურადღება აკლია. ის უფრო დაფასებული უნდა იყოს. სწორედ ამიტომ კერძო ბიზნესის მხარდაჭერა, თუნდაც სტიპენდიის სახით, ჩვენთვის, სტუდენტებისთვის, მომავალი კვების ტექნოლოგებისთვის, ნუტრიციოლოგებისთვის, სურსათის უვნებლობის სპეციალისტებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.“

გიორგი რთველიაშვილი, სურსათის ტექნოლოგიების მე-4 კურსის სტუდენტი, "ნიკორას“ სტიპენდიატი:

"კვების ინდუსტრია ძალიან დიდი და მნიშვნელოვანი სფეროა. აუცილებელია, რომ ის საქართველოში სათანადო დონემდე იყოს განვითარებული. სწორედ ახლა მიმდინარეობს მისი განვითარების პროცესი და ძალიან მიხარია, რომ ამ პროცესში მეც ჩართული ვარ. ჯერ ზუსტად არ გადამიწყვეტია, რა მიმართულებით გავაგრძელებ საქმიანობას. ბავშვობიდან ძალიან მიზიდავდა კულინარია. ასევე, ძალიან მიყვარდა ფიზიკა, ქიმია, მათემატიკა. ამიტომ გადავწყვიტე ამ ფაკულტეტზე ჩაბარება, თუმცა სწავლის პროცესში მივხვდი, რომ ის ბევრად უფრო დიდი სფერო ყოფილა. რაც მეტს ვსწავლობდი, მეტად მაინტერესებდა სხვადასხვა ქვედარგი. კულინარია იყო საწყისი, რამაც აქ მომიყვანა, თუმცა ახლა მინდა, სხვადასხვა მიმართულებით მივიღო გამოცდილება და საბოლოოდ, ასე გადავწყვიტო, რომელ კონკრეტულ ქვედარგში გავაგრძელო საქმიანობა. სწავლის პროცესში სტიპენდიატიც გავხდი, რაც ჩემთვის კიდევ ერთი დამატებითი სტიმული იყო, რომ უკეთესად მესწავლა. მსგავსი სამოტივაციო მხარდაჭერა სტუდენტებს პროფესიონალებად ჩამოყალიბებაში ეხმარება.“

მერი ქირია, სურსათის ტექნოლოგიების მე-3 კურსის სტუდენტი, "ნიკორას“ სტიპენდიატი:

"სკოლის პერიოდში ძალიან მომწონდა ქიმია, ბიოლოგია და კარგადაც ვსწავლობდი. როდესაც პროფესიის არჩევის დროს მოვიდა, მივხვდი, რომ ძალიან ცოტა სპეციალობა იყო, სადაც ეს საგნები უნდა ჩამებარებინა და მესწავლა. სამედიცინო უნივერსიტეტში ჩაბარება არ მინდოდა. ამიტომ კვების ტექნოლოგიების ფაკულტეტი ავირჩიე. ეს არის მიმართულება, რომელიც შემოქმედებითობის - კულინარიისა და მეცნიერების - სინთეზს წარმოადგენს. ძალიან საინტერესო აღმოჩნდა ეს ყველაფერი ჩემთვის. სწავლის პროცესში მოტივაციის მომცემი იყო სტიპენდიაც, რომელიც დიდი მხარდაჭერაა. კვების ტექნოლოგიების სტუდენტებს კი დღეს ეს მხარდაჭერა განსაკუთრებით გვჭირდება, რადგან აუცილებელია ქვეყანაში ამ მიმართულების პოპულარიზაცია მოხდეს.“

ნიკა გომელაური, სურსათის ტექნოლოგიების მე-4 კურსის სტუდენტი, "ნიკორას“ სტიპენდიატი:

"როდესაც გესმის ფაკულტეტი "კვების ტექნოლოგიები“, ეს ცოტა მშრალად ჟღერს. რეალურად კი ჩვენი საქმიანობა ძალიან საინტერესოა, მეცნიერებას შევისწავლით ძალიან ღრმად. ეს ბევრად უფრო მეცნიერული საქმიანობაა, ვიდრე საზოგადოებაშია მიჩნეული. ვისურვებდი, ყველამ იცოდეს და პოპულარული იყოს ეს პროფესია, რადგან დღეს საქართველოში მისი განვითარება ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ, თითოეულმა სტუდენტმა, თუ ამ სფეროში მოღვაწე კომპანიამ, ჩვენი წვლილი უნდა შევიტანოთ. როდესაც მე ჩავაბარე, ვნახე, რომ ასეთი საინტერესო იყო და სტიპენდიატიც გავხდი, ჩემს რეგიონში ბევრი ახალგაზრდა დაინტერესდა კვების ტექნოლოგიებით და მათაც ჩააბარეს. ამ პროცესში ძალიან მნიშვნელოვანი იყო „ნიკორას“ სტიპენდია. ჩვენი სფეროს განვითარებას ეხმარება კულინარიის პოპულარობაც. კარგი შეფი რომ იყო, აუცილებელია, სურსათის უვნებლობა და ნუტრიციოლოგია კარგად იცოდე. თავად კვების ტექნოლოგია, სურსათის უვნებლობა და ნუტრიციოლოგია კი ძალიან საინტერესო მიმართულებებია და დასაქმებისა და განვითარების კარგ შესაძლებლობებს სთავაზობს სტუდენტებს.“